top of page

მარიტა მესხორაძე

Updated: Apr 13


მე ვარ მარიტა მესხორაძე, 22 წლის. პროფესიით მსახიობი. ვმუშაობ რუსთაველის ეროვნულ თეატრში. ვფიქრობდი ჩემს აქამდე განსახიერებულ როლებზე და ამ ფიქრებმა თეატრალური უნივერსიტეტი და იმდროინდელი მუშაობის პროცესი გამახსენა.

სიამოვნებით ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში ნათამაშები როლები საინტერესო იყო, რადგან პირველივე ნაწყვეტში ორმოცი წლის ქალის თამაში მომიწია. ვგულისხმობ რევაზ ინანიშვილის მოთხრობას „ჩიტების გამომზამთრებელი“. ამ ნაწარმოებში მოქმედება მიმდინარეობს 70-იან წლებში, თბილისში. ჩვენ ვეცნობით პატარა ოჯახს, სადაც სითბო და სიყვარული აღარ არსებობს. მათი ყოველდღიური ცხოვრება მონოტონურად მიდის და სიცოცხლეში ხალისს ვეღარ პოულობენ. სამაგიდო მუშაობა პანდემიის გამო ონლაინ მოგვიხდა, ამიტომ უამრავი დრო მქონდა ამ პერსონაჟზე საფიქრელად. ავტორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, არ არის დაკონკრეტებული პერსონაჟების სახელები, მათი უწინდელი ცხოვრება და პროფესია. აქ გვხვდება სამი პერსონაჟი: ქალი, მამაკაცი და ბიჭი. პედაგოგი კვირიდან კვირამდე გვაძლევდა დავალებებს, ჩვენ უნდა დაგვეწერა მათი ბიოგრაფია, როგორ გაიცნო ცოლ-ქმარმა ერთმანეთი, აღგვეწერა კონკრეტული დღე, როდესაც უშუალოდ მოქმედება ვითარდება და საბოლოოდ, უნდა მივსულიყავით „საოქმო მოვლენამდე“-დასასრულამდე, თუ ასეთი ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორ ამოაფრქვევს ეს ქალი თავის თავში ჩამალულ ბრაზს, წყენასა და შეურაცხყოფას.

მოქმედება ვითარდება მათ სახლში, მორიგ საღამოს. ქალი ელოდება თავის ქმარს, რომ დაელაპარაკოს შვილზე, რომელიც არაფერს არ სწავლობს და სკოლიდან პროფსასწავლებელში გადაყვანით ემუქრებიან. ქალსაც და კაცსაც, თავიანთი სიმართლე გააჩნიათ, მამაკაცის აზრით, ადამიანი რომ პროფსასწავლებელში სწავლობდეს, სასირცხვილო არაა, ქალს კი უნდა, რომ მისი შვილი ოროსანი არ იყოს და სკოლიდან არ გააგდონ. ასეთი შეხედულებების ერთმანეთთან შეტაკება კი ნამდვილად საინტერესო კონფლიქტს ბადებს და პარტნიორთან მუშაობაც თავშესაქცევი გამოვიდა.

გამორჩეული იყო პირველი ეპიზოდი, სადაც სადილს ვამზადებდი ქმრისა და შვილის მოლოდნიში, თუმცა ფიქრებით სხვაგან ვიყავი. ამ “მოლოდინის ეპიზოდში” ვემზადებოდი შემდგომი სცენებისთვის, თუ როგორ უნდა დამეყოლიებინა ჩემი ქმარი, რათა შვილის პრობლემაში ჩარეულიყო. პედაგოგმა გადაწყვიტა, რომ მწვანილი დამეჭრა და ამ მწვანილის დაჭრის ხმის ფონზე იქმნებოდა რითმი, რომელიც თითქოს საათის წიკწიკს წააგავდა, ჩემი ფიქრებიც მოქმედებაში გადადიოდა და ხაზს უსვამდა მოლოდინის სიმძაფრეს. ბოლო სცენაში კი თავისუფლება მქონდა, რადგან იმ მდგომარეობამდე ემოციურად უნდა მივსულიყავი და ეს განსაზღვრავდა ფინალური ეპიზოდის შესრულების ხარისხს.

უამრავ დეტალზე შემიძლია საუბარი, რადგან ნამდვილად დიდი ენერგია ჩავდე მუშაობის პროცესში და ეს როლი ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება.

შედეგად, დავრწმუნდი, რომ საკუთარ თავზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ უკეთესად განვასახიეროთ პერსონაჟები, საჭიროა დიდი შრომა, თავდადება და საქმის სიყვარული.

ესეც ასე, ვეცადე მოკლედ გადმომეცა თუ როგორ მახსენდება, ჩემს პირველ როლზე მუშაობა თეატრალურ უნივერსიტეტში,

ახლა კი - Au Revoir! გავრბივარ! თეატრში უნდა წავიდე.

შევხვდებით სცენაზე!

10 views0 comments

Comments


bottom of page