top of page

მედეა

Updated: May 9


,,...ზღვა ღელავს ზღვა, სად მიხვალ სად?!“

„...კოლხეთის ყველაზე ტანჯულო ასულო...“ (ო.ჭილაძე)


ყველა ქალშია მედეა, მაგრამ მედეა ჩვეულებრივი ქალი არ არის.. სწორედ ამიტომ იქცა ხელოვანების მუზად, მარია კალასმა ის პაზოლინის ფილმში ითამაშა, ლარს ფონ ტრიერმა მასზე ფილმი გადაიღო, დაიწერა ლიტერატურული შედევრები, პიესები, ოპერები, მიეძღვნა ნახატები და ბალეტები.

დიახ, ეს ის ხმაურიანი გრძნეული ქალია, რომელიც დღემდე აგრძელებს ხელოვნების ინსპირირებას, მათ შორის გამოირჩევა თანამედროვე ბალეტები.

ხათუნა მზარელუამ, თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა, განიხილა მედეას სახე ქართულ და უცხოურ ბალეტებში.

საჯარო ლექცია 30 აპრილს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტში გაიმართა.

ლექცია თავისუფალი და მეამბოხე ქალის მარტა გრემის ბალეტი -„გულის გამოქვაბულით“ გაიხსნა.



თანამედროვე ცეკვების დედამ, მედეას გულის გაშიშვლება გადაწყვიტა. მოცეკვავეს ობობის კაბა აცვია, მედეას კი გველივით შემოხვევია ტანს სიყვარულის, ვნებების დამანგრეველი ძალა. მედეას პერსონაჟი ცეკვისას იქსაქსება და იკარგება სასოწარკვეთის, სიძულვილისა და მარტოობის აბლაბუდაში.

ტრაგიკული ქალის სახეს გიორგი ალექსიძემ ორი ბალეტი მიუძღვნა.

პირველი რევაზ გაბიჩვაძეს მუსიკაზე დაიდგა, მეორე იოსებ კეჭეყმაძის მინიატურაზე.

მის ბალეტებში ,,ზღვარგადასული, უკიდურესი შურისძიება ქორეოგრაფიულად ზომიერად გამოიხატა’’. სიუჟეტზე მეტი მნიშვნელობა ,,ფსიქიკისა და სულის მოძრაობებს’’ მიენიჭა. ამ ბალეტებში ის არ არის მხოლოდ გამძინვარებული, სასტიკი გმირი, არამედ სიყვარულით დაღლილი ქალი, რომელიც ჯერ ენერგიულად, მერე კი ლირიკული მუსიკის ფონზე გამოხატავს ტკივილს.

იური პოსოხოვი უკრაინელი ქორეოგრაფი ბალეტს ევრიპიდეს მედეაზე დგამს. ბალეტში ეს არის გმირი, რომელიც ღალატის, შეურაცხყოფის სანაცვლოდ  კლავს შვილებს, რათა დაუბრუნდეს საწყისს. სხვა ბალეტებისგან განსხვავებით  მეტი დატვირთვა აქვს პერსონაჟ იასონს.

თუმცა, ძნელია თქვა, ნამდვილია თუ არა მითი, რომელიც ამ ბედდაწყევლილ ქალს უკავშირდება.

ჩემთვის ის ძლიერი ქალის სიმბოლოა, გაბედული, მეამბოხე სული, რომელიც თავისივე არჩევანმა - სიყვარულმა იმსხვერპლა.


,,კიდევ რა არის სიყვარული? სიგიჟე არის, ბრძნული სიგიჟე, ნაღველი და სიმწარე მტკბარი.’’(შექსპირი)

 

ავტორი: კესო ტყებუჩავა

 

 

 

25 views0 comments

Comments


bottom of page