top of page

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინა

Updated: Jun 3



ავტორი: ნინი უსენაშვილი


დაავადება და ეპიდემიოლოგია: ადამიანის პაპილომავირუსი(აპვ) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. გენიტალური აპვ ინფექციების უმეტესობა მალევე ქრება, (ანუ აღარ არის გამოვლენილი) საწყისი ინფექციიდან 12-24 თვეში. აპვ  ინფექციების მცირე ნაწილი შეიძლება გაგრძელდეს, რაც იწვევს  ქალებსა და მამაკაცებში სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, გენიტალურ მეჭეჭებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა.

ვაქცინის ეფექტიანობა და შედეგები: ავსტრალიაში, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო(აპვ) ვაქცინის-ს   ეფექტიანობა შეფასდა კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალები. ერთჯერადი დოზა ძალიან  ეფექტიანი (>96%) გამოდგა ვირუსის თავიდან ასაცილებლად. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინაცამ აპვ-სთან ასოცირებული დაავადების სიხშირე შეამცირა. ავსტრალიაში მას შემდეგ, რაც აპვ ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო 2007 წელს, გენიტალური მეჭეჭების სიხშირე შემცირდა 90%-ზე მეტით ახალგაზრდა ვაქცინირებულ პოპულაციაში.

აპვ ვაქცინაციის გავლენის მტკიცებულება გვაქვს არა მხოლოდ ავსტრალიიდან, არამედ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდანაც. დანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაშინ, როცა იმუნიზაციის წინა წლებში დაფიქსირდა გენიტალური მეჭეჭების წლიური 2%-იანი მატება, ისინი პრაქტიკულად გაქრა 16-17 წლის გოგონებში, როდესაც ვაქცინაციის შემოღების შემდეგ დაფარვამ მოკლე დროში 85%-ს მიაღწია. 

საქართველოში რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება  შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს  10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო  ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან  26 წლის ჩათვლით.

  • 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

  • 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით:  0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. 

  • 15-დან  26 წლამდე ბიჭებისა და მამაკაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. 

  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

  • 13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის მამაკაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება)ტარდება ადამიანის პაპილომა ვირუსის  (აპვ) ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

წყარო: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია; ავსტრალიის იმუნიზაციის კვლევისა და ზედამხედველობის ეროვნული ცენტრი



21 views0 comments

Comments


bottom of page