top of page

ანა ჭინჭარაული

Updated: May 24


„მოყვარეს პირში უზრახე, მტერს პირს უკანაო“ - ანა ჭინჭარაულის ძალიან გულწრფელი ინტერვიუ ბაზარზე არსებულ რეალობაზე.

როგორც გენიალური ილია ჭავჭავაძე წერდა: „ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო.“ ამიტომ ასე გამოიყურება ეპიგრაფი:

„- რაში ვარო რაო?

- სიცარიელეში.

- ძალიან კარგი.“

„ - თუ იცით იგავ-არაკებს მიიღებს?

- არა, მაგრამ უარს არ გეტყვით.“

„ - დიდ ბოდიშს გიხდით, რომ გაცდენთ, იქნებ არც ღირდეს.“

„ - ალაგ-ალაგ წამიკითხე, ძირითადი მომენტები.“

ეს ერთი შეხედვით მხიარული ფრაზები, თავის პერსონაჟებით, ჩემთვის და ვფიქრობ, უამრავი ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელი, რეზო ჭეიშვილის ნაწარმოებიდან, „ცისფერი მთები''-დან არის, რომელიც ელდარ შენგელაიამ 1983 წელს კინოკლასიკად აქცია. ფილმის შინაარსი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მეტიც, კიდევ უფრო გულწრფელი რომ ვიყო, აღნიშნულ პერსონაჟებს დღესაც ხშირად ვაწყდებით ჩვენს რეალობაში.

ამბავი „აქტიური არაფრის კეთებისა“ ცისფერი მთებიდან დღევანდელ

რეალობამდე, სადაც სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით „ვაჟა ზაზაევიჩის“ მსაგვს, ძალიან დაკავებულ დირექტორებს, მარკშეიდერის მსგავს პროფესიებს, რომელთა შინაარსიც დიდად არ ესმით, „რუხ კარდინალ - ყუფარაძეებს,“ და სოსოს მსგავსად ფრუსტრირებულ ადამიანებს.

როგორც იცით, ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო და ბაზარზე არსებული ხარისხი გავაუმჯობესო, თუმცა, წინა აბზაციდან უკვე მიხვდებოდით, რომ ეს არც ისე მარტივი ამბავია.

როგორც ციხე შიგნიდან ტყდება, ასევე შიგნიდან შენდება ყველა ძლიერი ბრენდი, რომელიც სახელსა და ფერად ლოგომდე დიდი შრომას, გააზრებას, მიზანს და საფუძველს მოითხოვს. აი სწორედ ბრენდის შენების, ამ „მარკშეიდერული“ საქმიანობის შესახებ გვიწევს ჯერ მოყოლა და საჭიროების სწორად მიწოდება, შემდეგ კი, პერიოდულად ეჭვის თვალით შემოხედვისას, „შესაგებელის“ მომზადება.

ვიდრე ჩვენი ინტერვიუს კითხვებზე პასუხის გაცემაზე გადავიდოდე, კვლავ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ იმისთვის, რომ ჩემი დამოკიდებულება და მიზანი კიდევ უფრო ცხადი იყოს მკითხველისთვის.

„ეს კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.“ აი ახლა, შეგვიძლია დავიწყოთ:

ანა, რა არის ის მთავარი მიზანი, რაც შენს საქმიანობას უდევს საფუძვლად?

„ხარისხიანი მომსახურება და პროდუქტი, როგორც პასუხისმგებლობა.“

როდის გადავწყვიტე და რატომ დავაკისრე საკუთარ თავს, ან რა სახის არის ეს პასუხისმგებლობა არ ვიცი, თუმცა, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ სირთულეების მიუხედავად ერთგულად მივყვები არჩეულ გზას და საბოლოო მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ჩემს მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი მაღალი ხარისხით იცნობოდეს და აუმჯობესებდეს ბაზრზე არსებულ ამინდის.

რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა საქმიანობის და სამსახურის პარალელურად, შედარებით მცირე მასშტაბით, ახლა კი უკვე სრული დატვირთვით გადავინაცვლე საკონსულტაციო სფეროში. ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე სწორად შესვლა, გონივრული ნაბიჯები, ორგანიზაციული კულტურა, ხარისხიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, მოკლედ რომ ვთქვათ „იდეიდან - სულის შთაბერვამდე“ და საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურ იმპლემენტაციაშიც ჩართული ვარ ზოგიერთი პარტნიორის ბიზნეს საქმიანობაში.

სწორედ ხარისხის გაუმჯობესებაზე ფიქრის დროს გამიჩნდა იდეა, შემექმნა საჭირო მომსახურებების ხელმისაწვდომი ვერსია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსაც ჰქონოდა ხარისხიანად პოზიციონირების საშუალება.

ვფიქობ გამოგვივიდა, რადგან სტუმარ-მასპინძლობის სექტორს ძალიან კომფორტულ, ხელმისაწვდომ და სასარგებლო პარტნიორობას ვთავაზობთ ჰოსთშიფის სახით, რომლის განვითარებასა და კიდევ უფრო მეტ სარგებლიანობაზე უწყვეტად ვფიქრობთ და ვმუშაობთ მე და ჩემი გუნდი.

გარდა სტუმარ-მასპინძლობისა, სხვა საქმიანობის სფეროშიც თუ უწევთ ადამიანებს კონსულტაციებს?

როდესაც ჰოსთშიფის კონცეფციაზე ვმუშაობდი, ბევრი ვიფიქრე, ძალიან ხომ არ ვზღუდავდი სასურველ, სამიზნე აუდიტორიას, თუმცა, იმდენად კომპლექსური სექტორია, ვფიქრობ, რომ პირიქით, საჭიროც კი იყო მხოლოდ ამ სფეროზე მორგებული სრულყოფილი საკონსულტაციო მომსახურების შექმნა.

სტუმარ-მასპინძლობა ხომ მხოლოდ სასტუმრო არ არის, შესაბამისად, ჰოსთშიფის სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ საქმიანობის წარმომადგენელს, რომელიც მასპინძლობასთან ასოცირდება.

იქნება ეს სასტუმრო, კოტეჯი, კაფე-ბარი, სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი სივრცე და ა.შ.

ამ ეტაპზე სასტუმროების პარალელურად პატარა საკონდიტროს სტრატეგიაზე ვმუშაობთ, ასევე მაღალმთიან რეგიონში ერთ-ერთი სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე, იმისთვის, რომ ადგილობრივებს ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა და არ უწევდეთ საკუთარი კუთხის დატოვება, რაც არა ირიბად, არამედ პირდაპირ კავშირშია სტუმარ-მასპინძლობის განვითარებასთან. გარდა ამისა, ჰოსთშიფის მომსახურებების სია საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ მისთვის საჭირო მომსახურებით ისარგებლოს. მაგალითისთვის, კიდევ ერთ მიმდინარე, მიკრო პროექტს გაგიზიარებთ, ეს არის ერთ-ერთ მთის კურორტზე აპარტამენტების სწორად აღჭურვა, კონცეფციის შექმნა, ხარისხიანი ფოტო/ვიდეო კონტენტით უზრუნველყოფა და შემდგომ ჯავშნის სისტემების მართვა.

„საერთო ჯამში, ჰოსთშიფის მიზანია სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ხარისხიანი მომსახურების/პროდუქტების შექმნა და განვითარება.“

ანა, მეტი რომ გვითხრა პარტნიორებთან არსებული სირთულეების შესახებ?

უცებ გამახსენდა, ერთ-ერთი სასტუმროს სტრატეგიაზე მუშაობისას ხელმძღვანელმა მითხრა: „იმდენ შეცდომას ხედავ და გვეუბნები, ეს შესაცვლელია, ეს თავიდან არის გასაკეთებელი, დიდი ალბათობით ერთ ბომბს სიამოვნებით ესროდი სასტუმროსო.“

- „ა, კიდე შემაქანა“

არ მახსოვს რა ვუპასუხე, დიდი ალბათობით ზრდილობიანად გავიღიმე, თუმცა, მთავარი ამბავი, ეს არის დამკვეთმა გაიზროს:

- რომ შეცდომების პოვნა და გამოსწორება მხოლოდ და მხოლოდ მის საქმიანობას წაადგება.

- რომ მზად არის მიიღოს ინფორმაცია არასწორად გაკეთებული საქმის შესახებ.

- რომ კონსულტაციის მიზანი უკეთესობისკენ სვლაა, და არა ქება-დიდება (ამ უკანასკნელს ჩემი ჩართულობა დიდად არ სჭირდება, იმდენი „მადიდებელი“ გვყავს ადამიანებს გარშემო)

- რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე უკეთ აკეთებენ კონკრეტულ საქმეს და ამას უბრალოდ მათი კომპეტენიცია ჰქვია.

ხშირად ვწერ ხოლმე ამის შესახებ და აქაც ვიტყვი, ძალიან მარტივი მაგალითია: საერთოდ არ არის კონდიტერი ვალდებული, რომ კარგი კონტენტის შექმნა შეეძლოს. მისი მთავარი მისიაა, გემრიელ პროდუქტს ამზადებდეს.

აი სწორედ აქ უშვებენ ბიზნესმენების უმეტესობა შეცდომას, არ მიმართავენ თავის დროზე კომპეტენტურ ადამიანებს.

სასტუმროს შემთხვევაში დიზაინერებს, ჰოტელიერებს. შედეგად, მშენებლობის დასრულებისას, როდესაც მივდივართ ობიექტზე, ვაწყდებით უამრავ ტექნიკურ შეცდომას, არასწორად განაწილებულ სივრცეებს და ა.შ.

ჰოსთშიფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურებაც სწორედ

ზოგადი კონსულტაციაა. რა ეტაპებია გასავლელი ბიზნეს იდეის გაჩენის შემდეგ, პირველ რიგში ვისი ჩართულობაა საჭირო, რა ტიპის შიდა რესურსი გვაქვს, რა შესაძლებლობებია გარშემო, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, ანუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკვე არსებულისგან განსხვავებული და ა.შ.

თქვენთან თანამშრომლობის მსურველები რა ეტაპებს გადიან?

ზოგადი კონსულტაციის შემდეგ ჩვენთვის ძალიან მარტივია შევაფასოთ რა მიზანი აქვს ადამიანს, იაზრებს ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების მნიშვნელობას თუ არა, შესაბამისად, გრძელვადიან თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიწყებთ,

თუ „დამკვეთი“ მზად არის:

- სასიკეთო ცვლილებებისთვის.

- სურს, რომ ნამდვილად ხარისხიანი იყოს მისი პროდუქტი/მომსახურება.

- შექმნას კონკრეტულ ფასეულობებზე დაფუძნებული საქმიანობა, რომელსაც არსებობის განმავლობაში გამუდმებით უერთგულებს.

- იფიქროს სტრატეგიის მნიშვნელობაზე, რომელიც ჯერ სწორი ნაბიჯებით გააცნობს აუდიტორიას ბიზნეს საქმიანობას, შემდეგ კი თანმიმდევრულად გააჟღერებს სათქმელს.

- და რაც მთავარია, ვთანხმდებით, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში,

პურს მეპურე გამოაცხობს, რომ მომავალში უსიამოვნო შემთხვევებს თავი ავარიდოთ.

ბოლოს კი, რას ეტყოდი „პოტენციურ პარტნიორებს“ ისეთს, რასაც ხშირად არ აჟღერებ ხოლმე?

ჩემი პირდაპირობიდან და ცოტა ხისტი ხასიათიდან გამომდინარე, ძირითადად სულ ვაჟღერებ რასაც ვფიქრობ, მაგრამ ვეცდები...

ზოგადი კონსულტაციის შემდეგ ალბათ ცოტა გაბრაზდებით, გული მოგივათ, მე აქ მიშრომია, მიწვალია და რა ცვლილებებსა და შეცდომაზე მელაპარაკებაო, თუმცა,

თუ სულ ცოტახანით, გამოხვალთ მთავარი როლიდან, გვერდიდან შეხედავთ თქვენს არსებულ რეალობას, შემდეგ ცალი თვალით კონკურენტებსაც გადახედავთ, ზუსტად მიხვდებით, რომ სინამდვილეში, თქვენი მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა, ბაზარზე ღირსეული სახელის დამკვიდრება და მთლიანობაში ძლიერი და ხარისხიანი ბრენდის შექმნაში დახმარებაა ჩვენი ერთადერთი მიზანი.

მას შემდეგ კი, თუ აღნიშნული კომპონენტები თქვენთვის მნიშვნელოვანია და მზად ხართ განსხვავებული და თვალისმომჭრელი ხელწერით გამოირჩეოდეთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.

მე და ჰოსთშიფის გუნდი თქვენს გვერდით გვიგულეთ.

სულ ეს იყო, ამაშია საქმე.



486 views0 comments

Comentários


bottom of page