top of page

ანი ფარეიშვილი

Updated: Jun 4


პროფესიით მზარეული, სტრით ფუდ ობიექტის„მაჭკატი“ დამფუძნებელი და შეფ მზარეულია.

ამჟამად საქართველოში ყველაზე მაღალ სიმაღლეზე(ზღვის დონიდან 3650 მეტრი) არსებულ კაფეში მუშაობს.

კაფე „მყინვარწვერი“ მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,მყინვარწვერის მარშრუტზე.

ანი, როდის გაგიჩნდა ინტერესი კულინარიული სფეროს მიმართ?

5 წლისას მიყიდეს პირველი წინსაფარი,რომელიც დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს. რა თქმა უნდა მაშინ დამოუკიდებლად ვერ ვამზადებდი კერძებს, მაგრამ დამხმარე  როლს ვირგებდი და ვეხმარებოდი დედას. სულ მქონდა ინტერესი და ძალიან ბევრ შეკითხვას ვსვამდი სამზარეულოში. მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე კერძის მომზადებას,აი თუ სახლში რაიმეს გამოცხობა იწყებოდა მე გაფაციცებით იქვე ვიჯექი და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი რა ხდებოდა ღუმელში.

ეს ბავშვური ინტერესი როდის გადაიზარდა ისეთ ინტერესში ,სადაც უკვე მიხვდი რომ ეს შენი საქმე იყო?

სხვათაშორის ეს ინტერესი არ გამქრალა ცხოვრების არცერთ ეტაპზე, უბრალოდ სკოლის ბოლო წლებში ძალიან გამიტაცა იურისტის პროფესიამ. ავირჩიე კიდეც,მაგრამ დაახლოებით მეორე კურსზე უკვე მივხვდი, რომ კულინარია უფრო მეტად ჩემი იყო და სხვა პროფესიებისთვის ტყუილად ვიბრძოდი. ამის შემდეგ იყო პირველი სამსახური კულინარიულ სფეროში,სადაც უკვე 100%-ით დავრწმუნდი,რომ ეს საქმე მაძლევდა ყველაზე მეტ ძალას ცხოვრებაში და მხოლოდ ამ საქმისთვის არ დავიშურებდი ენერგიას

ახლა მოგვიყევი როგორ მოხვდი კაფეში „მყინვარწვერი“?

კაფე მყინვარწვერში ჩემი მეგობრის, შოთა კომახიძის დახმარებით მოვხვდი,რომელმაც  მის მეგობართან ერთად, ამ ადგილას კაფის გახსნა გადაწყვიტა  და მზარეულობა შემომთავაზა. მე და შოთა უკვე ბევრი წელია ვმეგობრობთ, არაერთი საინტერესო პროფესიული გადაკვეთაც გვქონია, მაგრამ ამაზე საინტერესო, ექსტრემალური და გამოწვევებით სავსე ჯერ არაფერი.

ამიტომ, დიდი ფიქრი არ დამჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად.

რა არის მთავარი გამოწვევა 3650 მეტრზე შენს სფეროში?

აქ გამოწვევა ბევრია. პირველ რიგში პირობები. ცივა,სიმაღლეზე ხარ,  ეს ყველაფერი ზოგჯერ ენერგიას ისე გართმევს ,შემდეგ რთული ხდება გემოზე,ხარისხზე და განვითარებაზე იფიქრო,მაგრამ მე მთავარ აზარტს სწორედ ამაში ვხედავ,როდესაც ყოველი ახალი კერძის მომზადებისას და ყოველი ახალი სტუმრის კმაყოფილი სახის დანახვისას ,საკუთარ თავს ეუბნები რომ აი, დღესაც გაიმარჯვე და გამოგივიდა. ვერ აგიხსნით რამხელა ადრენალინია ,როდესაც ახალი კერძის მომზადებას  იწყებ და ხშირ შემთხვევაში იმაზე კარგი გამოდის ვიდრე წარმოდგენილი გქონდა.

ზოგადად  როგორ ფიქრობ ამ პროფესიაში  მთავარი დაბრკოლება და მთავარი ძალა რა შეიძლება იყის?

ორივე სემთხვევაში შეიძლება ეს იყოს გამოხმაურება. ძალიან დიდ ძალას გაძლევს კმაყოფილი სტუმარი,რომელსაც ასევე დაბრკოლების შექმნაც შეუძლია თუ ის უკმაყოფილოა, მაგრამ ეს აუცილებლად განვითარების წყაროდ უნდა გამოიყენო პროფესიაში.

თუ შეგიძლია გვითხარი იქ ამოსულებს რა კერძები დაგვხვდება და ყველაზე მოთხოვნადი კერძი რა არის ტურისტებისთვის?

ყველაზე მოთხოვნადი კერძი არის ხაჭაპური, რომლის იქ შექმნაზეც ბევრი ვიმუშავეთ.  ასევე ძალიან მოთხოვნადია წვნიანები,რომელიც იმ პირობებში საკმაოდ საჭირო კერძია.

მთაში ყავა თუ ჩაი?

ჩაი



 

210 views0 comments

Comentarios


bottom of page