top of page

მირანდა ჩხეტიანი - მეღვინე

Updated: May 31


 ავტორი: ნინი უსენაშვილი

“ისე ჯაჭვურად არის ღვინის შექმნის ეტაპები მიბმული, რომ გაზაფხულზე ვაზის გასხვლიდან დაწყებული,  ჭიქაში ჩასხმით დამთავრებული,  მთლიანად განსაკუთრებულად საინტერესო  პროცესია.” - მეღვინეობა მირანდასთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების წესია. ის დიდ სიამოვნებას იღებს ვენახში მუშაობითა და ღვინის დაყენებით. მისი სასმელი არა მხოლოდ გემოთი და არომატით, არამედ შემოქმედებითი ენერგიითა და სიყვარულითაც არის გაჯერებული. “ ტექნიკასთან ერთად ემოციებიც დიდ როლს თამაშობს. გამიგონია, რომ რა ხასიათითაც უდგები დაყენების პროცესს იმ ხასიათს ატარებს ღვინოც.” მირანდა ჩხეტიანი ლეჩხუმში, სოფელ ტვიშში ცხოვრობს და  ოჯახური ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელია. მისი ბაბუა, რეგიონში და მთელ საქართველოში ცნობილი აგრონომი, ვაზისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა და ეს სიყვარული შვილიშვილსაც გადასდო. პატარა ასაკიდანვე, ის მამასთან ერთად ვენახში მუშაობდა და ბაბუისგან დანატოვარი ვაზის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობდა.

2017 წელს მეგობრებთან ერთად ჩამოსხმული პირველი 60 ბოთლი ღვინო მისთვის მხოლოდ სასმელი კი არა, არამედ შემოქმედებითი გამოხატულება და ახდენილი ოცნება იყო. ღვინომ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და მეღვინეს საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაუჩინა. 2018 წლიდან მირანდამ დამოუკიდებლად დაიწყო მოღვაწეობა და დღესდღეობით უკვე 1500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 2022 წლის მოსავალი მან სრულად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდა.

მისი ღვინის ბრენდი “მირანდას ღვინო” ცნობილი მიკრო ზონის, “ტვიშის” სოფელი ტვიშის უნიკალური ლეჩხუმური ცოლიკოურისგან მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოლიკოური იმერული ჯიშია, ლეჩხუმის ნიადაგსა და კლიმატურ პირობებში მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებულ არომატსა და თვისებებს იძენს. მირანდა ტრადიციულ მეთოდებს იყენებს და ღვინოს ქვევრში, დანამატების გარეშე ადუღებს, რაც მის პროდუქციას განსაკუთრებულ მჟავიანობას, ხასიათსა და ნატურალურობას ანიჭებს. ყოველი წლის ღვინო განსხვავებული და უნიკალურია, რაც ნიადაგის, კლიმატისა და მეღვინის ხელოვნების ერთობლივი ზეგავლენის შედეგია. 

მირანდა აქტიურად არის ჩართული ღვინის ფესტივალებში,  “დამწყები და მცირე მეწარმეებისთვის  გადამწყვეტია ეს ფესტივალები, რათა რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ გაგიცნოს.  შეიძლება ძალიან კარგი პროდუქცია გქონდეს , მაგრამ თუ რეკლამა და ცნობადობა არ გვაქვს მაინც სადღაც ვიკარგებით რადგან მცირე მეწარმეები ვართ.”



101 views0 comments

Comments


bottom of page