top of page

თაკო ხიტირი - ავიამეთვალყურე



დღემდე ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის რას აკეთებს ავიამეთვალყურე, ჰგიონიათ რომ ეს არის "მარშალერი", რომელიც თვითმფრინავებს ფერადს ჯოხებს უქნევს და სადგომზე შეჰყავს. რეალურად, ავიაციაში მომუშავე მთელი გუნდი ერთი დიდი მექანიზმია, რომელიც სიქნქრონულად მუშაობს და თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხსიმგებლობა გვაკისრია.

თვითმფრინავები ბავშვობიდან დიდ ინტერესს ივწვევდნენ ჩემში. ალბათ, ეს ყველაფერი დედას სამსახურიდან დაიწყო.

დედა ავიაკომპანია “აჭარაში” მუშაობდა, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს.

მას ხშირად უწევდა პატარა თაკოს სამსახურში წაყვანა (90-იანებში..), სწორედ აქ შევხვდი პირველად მფრინავ ობიექტებს, შევიყვარე ისინი და დღემდე მიყვარს.

მიუხედავად ამ სიყვარულისა, ავიაციაში პირველი ნაბიჯები 26 წლის ასაკში გადავდგი.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ასაკი ახალი საქმის წამოწყებისთვის დიდია ან ჩემთვის რაიმე დაბრკოლებას წარმოადგენდა, ძალიან ცდებით! ზოგადად, ვფიქრობ , რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა სცადოს,

ყოველთვის!

ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, როდესაც სკოლიდან უნივერსიტეტში ვაბარებდი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 17-18 წლის ბავშვმა არ იცის რა უნდა რეალურად. გასაკვირი კი არა, აუცილებელიც არის რომ ასე იყოს.. ინტერესების ცვალებადობიდან გამომდინარე ბევრი და მრავალფეროვანი რაღაც უნდა გამოსცადოს ადამიანმა. მეც, სხვადასხვა ცხოვრების პერიოდში, სხვადასხვა პროფესიაში წარმომედგინა ჩემი თავი, ყველაფრის ცდა მინდოდა... როგორც გითხარით, ავიაციაში მოგვიანებით შევედი და მივხვდი რომ ეს იყო ადგილი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

თავად სამსახური საკმაოდ სტრესულია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ,თუმცა იმ მომენტში შენ არ შეგიძლია საკუთარ თავს დაბნევის უფლება მისცე და რეალურად, ეს არც გამოგდის. ალბათ წლების გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ მსგავს გარემოში მუშაობის მიმართ უკვე იმუნიტეტი მაქვს და ყველაფერი ავტომატურად ხდება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში იმის გააზრების დროც არ გვრჩება თუ ეს რამხელა პასუხისმგებლობაა. იმდენად ვართ მომართულნი ჩვენი სამუშაოს სრულყოფილად შესრულებაზე, რომ ფიქრის დროც არ არის. ამ ყველაფერს ხშირად სახლში იაზრებ, მას შემდეგ, რაც მფრინავ ჩიტებს კარს უკან ტოვებ და დაღლილი დღეს თვალს გადაავლებ - ხვდები თუ რამდენად დიდი, მნიშვნელოვანი, ემოციური და ამავდროულად სტრესული იყო ეს ყველაფერი. თუმცა ამ სტრესს ალბათ სამსახურის მიმართ სიყვარული და მისი სპეციფიკა ფარავს. ეს არის პროფესია, რომელშიც ვერასდროს ვერ მოიწყენ. ყველა ცვლა განსაკუთრებულია და არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს.

ამის გარდა, ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიის თანმდევი სასიამოვნო შტრიხი გუნდურობაა.

საქართველოში განსაკუთრებით შესამჩნევია ქალების ნაკლებობა ამ პროფესიაში.

რაღაც კლიშეების გამო თავად ქალებისგან მოდის ნაკლები ინტერესი, რაც ძალიან მიკვირს. მათი ძირითადი "თავისგასამართლებელი" მიზეზის არის ის, რომ ღამით მუშაობა გვიწევს. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ - "როგორ მუშაობ, გოგო ხარ, ღამის ცვლა არ გიჭირს?", რაც ძალიან უცნაური იყო ჩემთვის. მერე რა, რომ გოგო ვარ?!

თუმცა, პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ და ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ეს ვითარება იცვლება. ახალგაზრდა ქალები უფრო მეტად ინტერესდებიან ავიაციით, ინფორმაცია უფრო მეტად მიდის მათთან და რაც მთავარია, ახალი თაობები აღარ იზრდებიან სტერეოტიპული ხედვით, თითქოს პროფესიების გენდერულ კატეგორიად დაყოფა შეიძლებოდეს.


მოამზადა: გვანცა სილაგაძემ

29 views0 comments

Comments


bottom of page