top of page

ლურჯი ფუტკარი

Updated: Jun 4

ირმა ყიფშიძის ისტორია


ერთხელ, ტექნოპარკის შუშებიან ოთახში ჩიტი შემოფრინდა. ძალიან ლამაზი. გარედან ლურჯი იყო, ფრთების ქვეშიდან ოქროსფერი ბუმუბულებით. სტკიოდა რაღაცა, თუმცა გარედან, არა უჩანდა რა. 

მე და ლაშამ გალია ვუყიდეთ. საჭმელიც, სარკეც, საქანელაც. ვუვლიდით.

თუმცა, არ ვიცით ვინ იყო. სახელიც დავარქვით, ''ჩიტო''. 

გადაფრენის სეზონზე ლაშამ ჩიტოს, გალიის კარი ღიად დაუტოვა.

მე ვიტირე. ლაშამ არ დამამშვიდა. 

*

ვაკის აუზის კაფეტერიაში, მე თვითონ ამოვიღე ნაყინი მაცივრიდან, ნესვის. 

სახლიდან ფეხით მოვედი და ცურვამდე ცოტა ხანს დავისვენებ.

ერთი სული მაქვს ნაყინის ქაღალდს შრუალი დავაწყებინო.

დავინახე, გოგო ზის თავისთვის. 

-გავს, ღმერთო როგორ გავს ''ჩიტო''-ს.

ჰმ, ლურჯი არ აცვია. არც ჩიტს გავს. უბრალოდ ეხლა ტექნოპარკის ჩიტო რატომ გამახსენდა, კაცმა არ იცის. იქნებ გადაფრენის სეზონია - გავიფიქრე და გვერდით სკამზე ისე მივუჯექი, გეგონება დანარჩენი ოთხი მაგიდის თექვსმეტი სკამი თავისუფალი არ ყოფილიყო. 

ირმა ყიფშიძის პირველი, ერთადერთი, ღვთაებრივი და ნამდვილი სიყვარული ცეკვა იყო. სამი წლის ირმა უბნის ბავშვებს შემოიკრეფდა ეზოში, თავის გამოგონილ ილეთებს მოიქნევდა ჭყინტი სხეულით და აპლოდისმენტებს გაბრწყინებული უსმენდა.

დედამ სკოლამდე მხატვრულ ტანვარჯიშზე შეიყვანა. ცამეტი წლის ირმა უკვე, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო. მერე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე უსაგნო ვარჯიშის ჩემპიონიც.

თბილისიდან მოსკოვში ნაკრებს შეუერთდა და ასე მოხვდა ნამდვილ ევროპასა და ამომავალი მზის ქვეყანაშიც, ოლიმპიადაზე.




ვოიაჟი რომ დამთავრდა და ირმა სახლში მობრუნდა, გადაწყვიტა ცხოვრება სსრკ ში არ დაეხარჯა. სრულწლოვანმა ირმამ, თეთრ გუდას ხელი მოკიდა და თურქეთის გავლით, გერმანიაში გაყვა პატიოსან ოჯახს, რომელთა მიპატიჟება ნიჭიერი ქართველის ცეკვის ნახვამ გამოიწვია. მათ ირმას მონაცემების ქალიშვილი ყავდათ, ამიტომაც შვილივით უპატრონეს ულამაზეს ჩემპიონს.  

განვითარებული ქვეყნის ოჯახების ერთ ერთი ჩვეულება, ექიმთან ვიზიტია. როგორც კი ნახა დუსელდორფელმა ექიმმა ირმას რენდგენი, იმაზე უფრო უცნაური გრძნობა დაეუფლა ვიდრე გაკვირვებაა. ხერხხემლის იმ ტრამვის ფონზე, რომელიც მას არასწორი სამედიცინო ყურადღების გამო ჩამოუყალიბდა მოზარდობის პერიოდში, დაუჯერებელი იყო არა მხოლოდ ის, რომ ირმას ვარჯიში შეეძლო, არამედ ისიც, საერთოდ რომ კლინიკაში თავისი ფეხით მივიდა. 

-იტყუები! ზარმაცი ხარ და ტკივილებს იტყუებიო მეუბნებოდნენ კომუნისტი მწვრთნელები! დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გვავარჯიშებდნენ, ქანც გაწყვეტილებს საჭმელს კი არა, წყალსაც არ გვასმევდნენ. ვიტამინების და მინარელების ნაკლებობის გამო მოზარდობის პერიოდში ხერხემალი….თურმე რატომ მტკიოდა…..თანაც,  ბავშვობა იყო მთლიანად კატორღული. გათენებიდან დაღამებამდე სავარჯიშო დარბაზში ვიყავი. შეჯიბრის წინ უმარილოდ მოხარშული ბრინჯი მეკუთვნოდა მხოლოდ და კიდევ, არაფერი, საერთოდ არაფერი!

და ეს ყველაფერი კი, მხოლოდ სამოცი წამისთვის.

პირველი, ის ოცდაათი წამი როცა, სცენის იმ ნაწილში დგები, სანამ გამოგაცხადებენ და მეორე ოცდაათი, როცა სცენიდან გამოდიხარ....

არ არსებობს ამაზე უფრო დიდი, გემრიელი, სასიამოვნო და ბედნიერი ამ დედამიწაზე არაფერი! ეს არის თავდავიწყების ის ჯადოსნური აღმაფრენა, როცა მხოლოდ შენ და ღმერთი რჩებით ცეკვის დროს!



ნახევარი საათით მეტი ვიცურე და ჩიტოზე და ირმაზე ვფიქრობდი.

იმას მივხვდი, რომ საბჭოთა კავშირი ისეთი დიდი ბოროტება იყო, ლამის ნახევარი საუკუნე გავა და მისი ნანგრევის ნამსხვრევი მომხვდა კი არა, მე თვითონაც ვარ, იმიტომ რომ ჩიტოს გაშვება გალიიდან არ მინდოდა. 

მთელი დანარჩენი დღე, ირმას ცეკვას ვუყურე.



ავტორი: მაკუნა ქავთარაძე

318 views0 comments

Comments


bottom of page