top of page

ნათია კუჭავა - ნაადრევად გვიან

Updated: May 26





შემოდგომა

-რა გჭირს შენ, რა სახე გაქვს?

-დამსტრესეს.

-აუფ, შენ? ვინ და რატომ?

-აუზის გასახდელში მაგრად დამაბულინგეს დღეს ქალებმა, ისე როგორც არასდროს…

-სიმსუქნეზე?

-არა, გაუთხოვრობაზე.

-ჰაჰა, მერე შენ რა უთხარი?

-აწი ვიზამთ-თქო, შევპირდი… 

-შენც კაი კატა ხარ, აი!

-იქ ერთი ქალია, უცნაური… 

-აუჰ, მოყევი აბა, რით გამოირჩევა. 

-ქერა კია მაგრამ, გადაპრანჭული მიმიკების ნაცვლად, გულწრფელი ემოციები აქვს. განიერი სედანი ყავს თუმცა,  ავტოსადგომის  ზედახორაში კოხტად აჩერებს მანქანას და ის კი არა, მერე სხვებსაც ეხმარება დაპარკინგებაში. ხანდახან ხმამაღლად აღშფოთებულია, მაგრამ არავინ ეწინააღმდეგება. რაღაცაზე შენიშვნა მომცა, თან ორჯერ და ნამცხვარივით შევირგე ეგ მე. 

-შენ და შენიშვნა აიხლიტე?

-სამართლიანი იყო.

-აა, მაშინ ჰო. 

-ხოდა აი, რაღაც მომენტში ამან თქვა: ‘’მამაჩემი სულ მეუბნებოდა, როცა შეგიყვარდება მაშინ გათხოვდიო, და ეგ თუ გვიან ასაკამდე არ მოხდება, ერთი ბავშვი ისე გააჩინე და ეგ არიო.’’

-მერე?

-მერე უცებ ყველამ დამიკიდა და ვინ როდის გათხოვდა იმას ყვებოდნენ…

-აჰაჰა, და?

-გასახდელში რომ გამოვლაგდით, იქ სიახლე დაგვხვდა, დასადგამი უთო იდგა დიდ სარკესთან. მე ვთქვი, რამის დაუთოებას დაკუჭული ტანსაცმლით სიარული მირჩევნია-თქო და..

-არიქა უთოობა თუ არ იცი რა გაგათხოვებსო?

-არა, სხვადასხვანაირი რაღაცეები მითხრეს, მაგრამ ეხლა არ მახსოვს. ერთი ის იყო, უკვე  შლაგბაუმთან ამ ქალმა თვალი ჩამიკრა და ისე მითხრა:  მამაჩემი თავის შარვალს თვითონ აუთოებდაო…

-ვიღაცა რა კარგი კაცი ყოფილა, გაგანია კომუნისტებში ხედავ შენ?

-ამ ქალსაც ეტყობა, რაღაცნაირად, თავისებური თავისუფლება.

-კიდევ რომ შეგხვდება კითხე აბა ერთი, მამამისს რა ბედი ეწია სსრკ-ს ბოროტების მანქანაში.

ზამთარი

-გამარჯობა, თქვენ რა გქვიათ, უკაცრავად?

-ნათია.

-და გვარი?

-კუჭავა.

-სასიამოვნოა.ზედმეტი პირსახოცი ხომ არ გაქვთ?

-კი, აი აიღეთ.

-დიდი მადლობა. ნათია, თქვენ გყავთ ოჯახი?

-კი, მეუღლლე და სამი შვილი.

-რა კარგია. 

-ჩემი ბიჭი ოცდაექვსი წლის არის, ქალიშვილი ჩვიდმეტის და ალექსანდრე უკვე სკოლაში დადის. 

-ვაუ, არადა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით, ვიდრე ამხელა შვილები.

-ოცდახუთი წლის გავთხოვდი. ჩემი ქმარი ჩემი კლასელი იყო, სკოლის დამთავრებიდან რვა წლის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს და სიყვარულით დავქორწინდით.

-რომელი სკოლა დაამთავრეთ?

-თბილისის მათემატიკური, მეხუთე თაობის თბილისელია ჩემი ოჯახი. სოლოლაკში გავიზარდე. იმ სოლოლაკში სადაც, სამოქალაქო ომის დროს, სახლიდან გამოტანილი ნივთებს კაპიკებში ვყიდდით, მერე მამა მთელი ეზოს შეგროვილი ფულით მიდიოდა და ყველასთვის სამყოფი პროდუქტები მოჰქონდა.  ჟიგულს არავინ წაართმევდა და ამიტომ, თან შეეძლო რუსთაველზე მდგარ ორივე მხარეს ისე მოლაპარაკებოდა, ტყვიაც აეცდინა  და ან პროდუქტი არ აერთვათ. 

დაძაბულობის ყველაზე კულმინაციურ მომენტშიც არ დავტოვეთ სახლი. მე და ჩემს დას როიალის ქვეშ გვეძინა, ღამით რომელიმე რეკეტის დროს, ბრმა ტყვია არ შემოვარდნილიყო ფანჯრიდან. 

იცი რას ვერ ვპატიობ ამ ხალს? რაღაც მომენტში, ემოციურად შეუძლებელი იყო სახლში გაჩერება სტუდენტი გოგოებისთვის  და მე და ჩემი და საბურთალოზე წავედით, ნათესავთან. ფილარმონიას რომ გავცდით, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, ქალაქი ჩვეულებრივად ქეიფობდა ახალ წელს. თითქოს ომი, მხოლოდ ჩვენს უბანში ყოფილიყო…

-უნივერსიტეტში რა ისწავლეთ?

-ბიოლოგი ვარ, კონკრეტულად მიკრობიოლოგიაა ჩემი პროფილი. მიუხედავად იმისა რომ, მამას უნდოდა კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩამებარებინა გეპეიში, მე მაინც თსუ-ში შევიტანე საბუთები.

-თუკი თქვენი ოჯახი ასეთი პროგრესული იყო, ევროპაში რატომ არ წახვედით?

-1994 წელს გერმანიის საელჩომ უნივერსიტეტში კონკურსი ჩაატარა, ერთ თვიანი გაცვლითი სასწავლო პროგრამით ზაარბრუკენში. კი გავიმარჯვე, მაგრამ ამ კონკურსის ფარგლებში თვითმფრინავის ბილეთი არ ფინანსდებოდა. ამიტომ ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, ხუთასი დოლარი ბილეთში გადაიხადა და ათი დოლარით ხელში, ჩამსვეს ფრანკფურტის რეისზე. 

იქ რომ ძალიან მომენდომებინა კი დავრჩებოდი, მაგრამ პატრიოტულმა გრძნობებმა და ახალგაზრდობამ, საღი აზრი გადამიწონა მაშინ. 

-მამამ რა გითხრათ როცა დაბრუნდით?

-გაუხარდა…

გაზაფხული

-ნათია, მამათქვენს რა ერქვა?

-ოთარი.

-თქვენ როგორ ზრდით ეხლა შვილებს?

-იცი, ბიჭი ისე გავზარდე არცერთხელ მის შარვალში ხელი არ ჩამიყვია, არ გამიხსნია მისი მობილური, არ ვურეკავ წამ და უწუმ, მაშინ როცა წასულია მეგობრებთან. 

ჩემს ქალიშვილს დავეხმარე რომ განათლება უცხოეთში მიიღოს მომავალი წლიდან. 

ნაბოლარას აუტიზმის სპექტრი აქვს. ამიტომ ყოველდღიურად ვიბრძვი როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საზოგადოების შეხედულებების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში. ეს ყველაფერი რამდენად კარგად გამომდის, ალბათ ჩემი შვილები სამართლიანად მხოლოდ მას შემდეგ შეაფასებენ, როცა თვითონ გახდებიან მშობლები. 

-თქვენი აზრით, თქვენი შვილები წავლენ უკეთეს ქვეყანაში?

-იცი, ჩვენი ოჯახი 2010 წლიდან პატრონობს ისტორიულ სანატორიუმს წყალტუბოში. ჩვენ ყველანი იმდენად ჩართულები ვართ ამ ბიზნესში, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, რომ ემიგრაცია ნაკლებად სავარაუდოა.

-თუ ქვეყნის ეკონომიკა ახლანდელ ნელ რიტმს გააგრძელებს და ტურიზმიც დაღმავალ მაჩვენებლს დაიჭერს, მაინც დარჩებით?

-მინდა გითხრა რომ, მაგ შეკითხვაზე პასუხი არის ჩემი ერთი თვისება, დიდხანს არც უკან ყურება მიყვარს და არც დიდი დროის ხარჯვა მომავალზე, რაც არ უნდა ხდებოდეს ვგრძნობ და მიხარია, მტკივა და ვწუხვარ. მაგრამ ვარ აქ და ახლა…

-გასაგებია, თქვენთვის ყავა შაქრით ვუთხრა თუ უშაქროდ?...

ზაფხული

-სად იყავი? 

-აუზზე.

-რა ხდებოდა?

-ნათია კუჭავა ვნახე ისევ.

-მერე?

-მთელი გზაა მასზე ვფიქრობ.

-რაო აბა, რა მოიფიქრე.

-იცი,ნათიას ცხოვრების მაგალითით ვიტყვი იმას რომ, ჩვენს ქვეყანაში დრო რაღაცნაირად, ერთდროულად ადრეა და გვიან. 

თუკი გაგანია კომუნისტების დროს, ოთარი ხედავდა მომავალს კომპიუტერებით, გენდერულ თანასწორობას იმით რომ, სხვებისგან განსხვავებით, არასოდეს უგრძნობინებია ქალიშვილებისთვის რომ ‘’ბიჭი ერჩივნა’’. მეტიც, შვილები დაუჯერებელი დამოუკიდებლობითა და შინაგანი თავისუფლებით გაზარდა. და ახლა თვითონ ნათიაც, მიუხედავად ამხელა ცხოვრებისეული გამოწვევებისა, შესაშური სიმსუბუქით სუნთქავს.

ასეთი პრიზმიდან ყურება  ერთი ორად ამსუბუქებს მუდმივი ქაოსის, სტრესისა თუ ცვლილებების სისწრაფით გამოწვეულ მდგომარეობას. 


ავტორი: მაკუნა ქავთარაძე

449 views0 comments

Comments


bottom of page