top of page

ნათია ხიდაშელი - სომელიე

Updated: May 9


2006 ში , ახალი დაბრუნებული ვარ ამერიკიდან და უცნობი ნათესავის ქორწილში დამპატიჟეს. სწორედ მაშინ შევხვდი პირველად მაგდა სურგულაძეს,   გაცნობის და საუბრების შემდეგ გავიგე რომ სომელიე იყო. გამიკვირდა, არ ველოდი საქართველოში ამ პერიოდში სომელიე თუ გვეყოლებოდა.  აქ არც ისწავლებოდა და მაშინ ყველაზე ახლოს მოსკოვის სომელიეთა სკოლა იყო. ხოდა ,დაგვიბრუნდა მაგდა 2005 ში პირველი ქართველი ქალი სომელიე. ძალიან დეტალებში არ ღრმავდება ხოლმე მაგრამ, დარწმუნებული ვარ ადვილი არ იქნებოდა მაშინდელ საქართველოში სომელიედ მუშაობა. უმეტესობას გახსოვთ, მაშინ როგორი რესტორნები გვქონდა, ჯიგრულ-მამაპაპური. ხომ წარმოგიდგენიათ, ქართველ კაცს, მწვადს რომ თონის პურით ხსნის შამფურიდან, სიფრიფანა გოგომ ღვინის ახსნა დაუწყოს.

წლების განმავლობაში ცოტა განვვითარდით, რესტორნების მრავალფეროვნებას აღარ ვუჩივით. სომელიეთა სკოლაც გაიხსნა და სომელიეც საკმაოდ პოპულარული პროფესია გახდა, ანაზღაურების სიმცირის მიუხედავად.

2005 ში ერთადერთი ქალი სომელიე გვყავდა , დღეს კი, ჩემის ჩათვლით,  ათეული. თუმცა სომელიე არ ნიშნავს რომ მხოლოდ რესტორანში მუშაობ და საკვებს ღვინოს უხამებ. მაგდას შემთხვევაში, ის პრაქტიკოსი სომელიეა: რამდენიმე სარესტორნო კომპლექსთან მუშაობს, ადგენს ღვინის ბართებს, არჩევს ღვინოს, რომელიც იმ რესტორნის მენიუსთვის სჯობს რომ ჰქონდეთ, არის სადეგუსტაციო კომისიის წევრი და რადგან პროფესიით მეღვინეა, აგრარულშიც ასწავლის და არის აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი.

მე რაც შემეხება, ჩემი სომელიობა (თუ შეიძლება ასე ვთქვა), ჩემს ძირითად პროფესიაში მადგება. როგორც ერთერთი პირველი ღვინის გიდი, ვთანამშრომლობ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ჩემი ცოდნა მსოფლიო და ქართულ ღვინოზე ძალიან მეხმარება იმპორტიორებთან, ღვინის მწერლებთან, ჟურნალისტებთან და სხვა საერთაშორისო სომელიებთან სამუშაოდ.  

მაგრამ , ქალი სომელიეების მიმართ დამოკიდებულება ბევრად არ შეცვლილა, უმეტესად,ადგილობრივებში. ქალმა ღვინო რა იცის და შენ როგორ უნდა მასწავლო ღვინის სმა-პატრიარქალური საზოგადოების გამოძახილია, თუმცა საქართველოში  ძალიან წარმატებული ქალი სომელიებიც გვყავს, ქალი-მეღვინეებიც და საერთოდ , ძალიან ბევრი ქალი მუშაობს ღვინის სფეროში. ასე რომ, გვაცადეთ , ბატონო.

92 views0 comments

Comments


bottom of page