top of page

ნატალი - პროფესია გიდი

Updated: Jun 7



გიდები ელჩები ვართო, ბევრჯერ მსმენია და თავადაც ბევრჯერ მითქვამს. ჰოდა, მეც ერთი პატარა გოგო ვიყავი როდესაც ელჩი - ფენიქსი გავხდი და მას შემდეგ წუთი არ მინანია ჩემი პროფესიული გადაწყვეტილება.


გამარჯობა, მე ნატალი ვარ, დედა, გიდი, თარჯიმანი და ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორანტი.  14 წლისამ უკვე ვიცოდი რომ მინდოდა თარჯიმანი, დიპლომატი და ელჩი ვყოფილიყავი და სწავლა სკოლის დამთავრებისთანავე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გავაგრძელე.

ერთ შობა დილასაც გავიღვიძე და გადავწყვიტე ჩემი ყველა ვნება, ექსტროვერტული ხასიათი და მოგზაურობის სიყვარული ერთ პროფესიად მექცია.

როცა გიდი ხარ, ეს ერთი პროფესიული ტერმინი საკუთარ თავშივე აერთიანებს დედობას, ბებიობას, ნათლიობას, ისტორიკოსობას, არქეოლოგობას, ელჩობას, მასპინძლობას, ასტროფიზიკოსობასა და მეეზოვეობას, გეოლოგობას და ხელოვნებათმცოდნეობას.

ცოტას იქით, ცოტას აქეთ, რაც კი არ უნდა კითხვა გაუჩნდეს სტუმარს, ან პასუხი უნდა გქონდეს შემზადებული, ან უნარი, ნახევარ წამში ლუი ანდერსონის მამასავით ისწავლო გერმანული ენის გრამატიკა და გაანეიტრალო ამოქმედებული ნაღმი, რომლის ინსტრუქციაც გერმანულ ენაზე წერია. 


გიდობა უცნაური პროფესიაა. ერთდროულად შეგიძლია ასწავლო და ისწავლო, გააზიარო და მიიღო. მარტო ის რად ღირს, რომ ჩემ მიერ გიდობის პირველ წელს წარმოებული სტატისტიკით, საშუალოდ კვირაში 60 ახალ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა.

გაცნობა- შეცნობა. იმ პროფესიათა წარმომადგნელების სიას თუ დავუყვებით, რომელთა მასპინძლობაც ბევრი წლის მანძილზე მომიწია, ვერასდროს ვუპოვნით ბოლოს. არქიტექტორი, ქნესეთის თავმჯდომარე, ისრაელის ეკონომიკის მინისტრი,კომპიუტერული ინჟინერი, მხატვარი, გიდი, მწერალი, მასწავლებელი სკოლის და მასწავლებელი ბაღის, უზენაესი მოსამართლე, ნასას თანამშრომელი და ნატოს სამშვიდობო მისიის გენერლები, ისრაელის წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები და ძველი ვეტერანები.  ყველასგან თითო ახალი  წინადადება რომ შეიცნო და მინიმალური ცოდნაც დაამახსოვრდეთ შენს ქვეყანაზე, შენ მიერ მიწოდებული- დღის ბოლოს იმაზე დიდი ადამიანი ხარ, ვიდრე დღის დასაწყისში იყავი. 


გიდობა დაუღალავ შრომას მოითხოვს, არასდროს იწურება სასწავლი და მუდამ არის საკითხი, რომელსაც მეტად უნდა ჩაუღრმავდე. ყოველთვის დაინახავ სვეტიცხოვლის ფრესკებში რაიმე ახალს, რომელზე მეტის გაგებაც- უკეთეს ადამიანად გაქცევს. ამის საპირწონედ- ყოველთვის დაგისვამს სტუმარი ისეთ კითხვას, რომლელზე პასუხიც იმწამს უნდა დაივიწყო- რაწამსაც უპასუხებ. 


რაც შვილი მყავს, სახლშიც დედა ვარ და ჩემს სტუმრებთანაც.

ყოველ დილას საკუთარ თავს ხელახლა ვახსენებ, რომ არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სამშობლოსთვისაც ძალიან მნიშნვლოვან საქმეს ვაკეთებ.  ვერასდროს იქნები კარგი გიდი, თუ ცუდი მასპინძელი ხარ და თუ კარგი მასპინძელი ხარ- ქვეყნის საუკეთესოდ წარდგენასაც შეძლებ. ჯგუფის თითოეული წევრის მზრუნველი მეგობარი იყო და იყო კარგი მეგობარი 50 სხვადასხვანაირი ადამიანისთვის ისე, რომ მოგზაურობის ბოლოს ისინიც ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებიი გახდნენ- ყველაზე რთულია. გიდებისთვის ყველაზე კარგი კომპლიმენტი ალბათ მეორედ ჩამოსული სტუმარია და ყველაზე ტკბილად მაშინ გვძინავს ღამით, როცა ვიცით რომ ჩვენი სტუმრები ბედნიერები და საქართველოზე შეყვარებულები არიან. ძილშიც ხანდახან მხოლოდ ის გვესიზმრება, შემდეგი რომელი მთა და რომელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გავხადოთ სხვებითვისაც მოსაფერებელ-შესაყვარებელი.


არის დღეები, როდესაც ძალიან ვიღლებით, შეუსვენებლივ, მუხლჩაუხრელი მუშაობით. არის სიტუაციები, როდესაც ვერ მივდივარ სახლში მაშინაც კი, როდესაც ჩემს შვილს ვჭირდები. ვერ მივდივარ, ხანდახან დედის და ძმის დაბადების დღეზე და ახალ წელს დილის ცხრა საათიდან  ვმუშაობ. ასეთ დროს, რომელიმე მთას გავხედავ ხოლმე, რომელიც ყველაზე ახლოა იმწამს; მყინვარწვერი, უშბა, შხარა, შევხედავ მზიან და ბევრ ციან ჯავახეთს, დოინჯშემოწყობილ რაჭის ტყეებს და მზიან სამეგრელოს.

დავინახავ და ვიცი, ვგრძნობ, ამ პატარა ქვეყნის ისტორია, კულტურა, მითოსი და მისი შემქმნელი ქართველი ერი იმსახურებს რომ იცოდნენ მათზე, უყვარდეთ და სტუმრობდნენ, ეფერებოდნენ და არ ივიწყებდნენ. მეც მახსენდება რომ ამ ამბავში ერთი აგური ჩემია, მხარს ვუმაგრებ, მესამე ხმასაც ვაყოლებ და  სტუმრებთან ერთად ავღნიშნავ აღდგომას, შობას და ახალ წელს. მჯერა, რომ ამ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ჩემი შვილი უკეთეს ყოველდღიურობაში, მრავალფეროვან საქართველოში იცხოვრებს.



59 views0 comments

Comments


bottom of page