top of page

სალომე სიმონია - ბუნების კომერციალიზაცია

Updated: Jun 17


როცა მდინარეების, ტყეების, კანიონების, ხეობების, ჩვენი საარსებო გარემოს და ბუნების

დაცვაზე, შენარჩუნებასა და მოფრთხილებაზე ვსაუბრობთ, საუბარზე მეტად კი, უფრო

ფიზიკურად ვიცავთ - მის მიმართ არსებული გამოყენებითი დამოკიდებულებისგან.

რაც შეიძლება მალე და მეტი მოგების მიღებისგან, 40, 49 ან 99 წლით გასხვისებისგან.

სინამდვილეში, ამით ჩვენს იდენტობას, უნიკალურობას, მახასიათებელ თავისებურებებს,

ნიჭებს, უნარებს ვიცავთ და ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე, სწორედ

ამ გარემოში და ბუნებაში ცხოვრებამ, მასთან თანაარსებობამ შეგვქმნა და ჩამოგვიყალიბა

ის თვითაღქმა, როგორიც გვაქვს.

შექმნა ყველა ის ადათ-წესი, ჩვეულება, ტრადიცია,კულტურა თუ კულინარია, რომლითაც დღემდე მოვედით და ვამაყობთ კიდეც.

შესაძლოა ბოლომდე ეს არც გვქონდეს გაცნობიერებული, ან ასე არ იყოს ფორმულირებული, ან ვინმესთვის გაუგებარიც კი იყოს, მაგრამ მდინარეების მილებში მოქცევისგან, გაშრობისგან; ტყეების გაჩეხვისგან ან შემოღობვისგან, ხეობების დატბორვისგან, კანიონების ჩაბეტონებისგან - ფიზიკურ შენარჩუნებაზე ან საკუთარი უფლებების დაცვაზე უფრო მეტი ღირებულების, შინაარსის და იდეის მატარებელია ის - რისთვისაც დღეს ვიბრძვით.

ვცდილობთ შევინარჩუნოთ და სწორად და ფრთხილად განვავითაროთ.

დღეს, ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში პროტესტია და როდესაც ადამიანებს საარსებო

გარემოს ართმევენ, მათ ყოველდღიურობას უკითხავად ცვლიან და დამატებით უამრავ

შეურაცხყოფას მოაყოლებენ კიდევაც.

როცა სადღაც ამ ყველაფრისადმი წინააღმდეგობაა, ხალხს სტკივა, იბრძვის და გმინავს,

შეუძლებელია ვინმეს ბოლომდე ესმოდეს ადგილობრივების. იმ ადამიანების, რომლებმაც

უკიდურესად რთული ნაბიჯი გადადგეს და ისეთი ტანჯვისთვის გადადეს თავი,

დასასრული რომ არ უჩანს; უთანასწორო ბრძოლაში შეგნებულად შედიან: ზოგი

სამსახურიდან მოდის, ზოგი პირად ცხოვრებაზე ამბობს უარს. თოვლში, წვიმაში, სიცივეში. კარავში ღამეების თენებასაც თანხმდებიან. უამრავ ფსიქოლოგიურ, მორალურ თუფიზიკურ წნეხსაც უძლებენ და რაც მთავარია, ამისთვის არც მადლობას ელიან ვინმესგან. არც დიდებას ან მითუმეტეს რაიმე სარგებელს.

ამ ხალხის აზროვნების სტილი და საკითხისადმი დამოკიდებულება - თუ რისი გაკეთება

შეუძლიათ ადგილისთვის, სადაც დაიბადნენ, ჩამოყალიბდნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები აკავშირებთ - არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც შეიძლება ფიქრობდეს და გრძნობდეს ნებისმიერი სხვა აქტორი, პიროვნება თუ ორგანიზაცია.

სხვებისთვის ეს არის ადგილი, რომელიც შეიძლება მოინახულო, კვლევები ჩაატარო,

ბიზნესი აწარმოო, მიზანს მიაღწიო და წახვიდე.

სინამდვილეში, თუკი აქამდე გადარჩა ესა თუ ის ხეობა, სოფელი, მდინარე, კანიონი და ტყე, მთავარი ძალა ყოველთვის თავგანწირული და ბრძოლისუნარიანი, რიგითი ხალხი იყო.

ამიტომ, არის მნიშვნელოვანი გულწრფელი, დამოუკიდებელი ადამიანების და ადამიანთა

ჯგუფის მხარდაჭერა, მათი აღიარება და გაძლიერება; მათი ბრძოლის მიღწეული შედეგების ხაზგასმა.

მათ ყველაზე კარგად ესმით საკუთარი ადგილის ხმა, ინტერესები, საჭიროებები და

არასდროს ღალატობენ, იყენებენ, ტოვებენ მას.

დღეს ჩვენ ვხედავთ ბუნების, როგორც სავაჭრო ობიექტად გარდაქმნის პოლიტიკას,

რომელიც ყველაზე ხარბი, ველური ფორმებით მიმდინარეობს და რომელიც საფრთხეს

უქმნის, როგორც თავად ბუნებას, ასევე, ჩვენს მომავალს, იდენტობასა და უნიკალურობას.

რომლის სწორად შეფასება, შესწავლა, განვითარება, გრძელვადიანი და მდგრადი

მიდგომების შემუშავება არსებითად საჭირო და ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სალომე სიმონია



81 views0 comments

Comments


bottom of page