top of page

ქეთევან ალადაშვილი KateWine

Updated: May 13


ქეთევანს ჟურნალისტობა უნდოდა, თუმცა სტუდენტობისას საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა და მიხვდა, რომ სულ სხვა სფერო იყო მისთვის მიმზიდველი. “როცა პირველად მოვხვდი ღვინის ქარხანაში პრაქტიკაზე, დავინახე რა იყო მეღვინეობა, ლაბორატორიაში როგორ გადადიოდა ერთმანეთში ღვინო, როგორ იფილტრებოდა, ვიგრძენი ღვინის სუნი. საწარმოში როცა შედიხარ აუცილებლად იგრძნობ ღვინის სუნს.  მაშინ გავიაზრე რომ ეს იქნებოდა ჩემი მომავალი პროფესია, ვიგრძენი აღტაცება და მივხვდი რომ სწორ გზაზე დავდექი.”


ქეთევან ალადაშვილი დაარსების დღიდან მეღვინე ქალთა ასოციაციის წევრია.  ღვინის კომპანია “ბერიკა”-ს მთავარი მეღვინეა, სადაც მუშაობს ევროპული ტიპის ღვინოზე, ამავდროულად თელავში აქვს საოჯახო, სიყვარულით შექმნილი მცირე მარანი KateWine, სადაც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ღვინოს. ოჯახის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული ღვინის დაყენების პროცესში. ქვევრთან ათენებენ და აღამებენ, ადამიანის პულსაციასთან აიგივებენ ქვევრის დუღილის პროცესს, უსმენენ ქვევრის სათითაო ამოსუნთქვას. შედეგის მისაღებად და სასურველი ღვინის დასაყენებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ემოციებსა და დამოკიდებულებას დაყენების პროცესში.


ქეთევანს განსაკუთრებით სიამოვნებს მუშაობა ქისთან, მისი  ჯიშურობიდან გამომდინარე, არომატით სხეულით ეს ღვინო ამბობს ყველაფერს. ასევე რქაწითელი, რომელიც ევროპულადაც შეგვიძლია დავამზადოთ და ქვევრშიც.


2019 წელს მისმა ღვინომ KateWine-მა მიიღო პირველი ოქროს მედალი, მიუხედავად, იმისა, რომ მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ მიიღო ქეთევანის ღვინომ ჯილდო, პირველი ოქროს მედლის ემოცია მისთვის იყო დაუვიწყარი, ჰქონდა უდიდესი სიამაყის განცდა, რომ ქალმა მოახერხა და სახლში, ქვევრში დამზადებული ღვინით ამხელა წარმატებას მიაღწია.


ოჯახის წევრებისგან ქეთევანს, როგორც ქალ მეღვინეს პირველი დღიდან ჰქონდა სრული მხარდაჭერა, თუმცა, ქეთევანი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან წლების წინ იყო საკმაოდ ირონიული დამოკიდებულება და ყოველთვის კითხვის ნიშანი ისმოდა, როგორ შეიძლებოდა ქალის დაყენებული ღვინო ყოფილიყო ოქროს მედალოსანი, ქალს როგორ შეეძლო გასძღოლოდა ისეთ დიდი წარმოებას როგორიცაა კომპანიაში მუშაობა და ყოველდღიურად თითო მანქანის ჩამოსხმა-რეალიზება.

''ადრე არ ვამბობდი რომ მეღვინე ვიყავი. როგორ შეიძლებოდა ქალის დაყენებული ღვინო ყოფილიყო თანასწორი, ახლა პირიქით ვაფიშირებ ამას და ძალიან  მომწონს.” .

ქეთევანი დადის უცხოეთში ტრენინგებზე, სემინარებსა და გამოფენებზე აგემოვნებს მათ ღვინოს. იქმნის  წარმოდგენას რას შეიძლება გავუწიოთ კონკურენცია, რას ვერა, საიდან ავიღოთ მაგალითი და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი წარმოება.



KateWine-ის შეძენა შესაძლებელია ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში.


ავტორი: ნინი უსენაშვილი


37 views0 comments

Коментари


bottom of page