top of page

ქეთო უგლავა

Updated: Apr 13





მე ვარ ქეთო, თქვენი გიდი.

მთელი დღის ერთად გატარება მოგვიწევს და იმედი მაქვს, ეს დღე სასიამოვნო მოგონებად ჩაიწერება თქვენს მეხსიერებაში’’ _ ასე იწყება ყველა ურთიერთობა ჩემსა და ჩვენი ქვეყნის დათვალიერებით დაინტერესებულ ვიზიტორებს შორის.

რეალურად კი უბრალო, ჩია, ოდნავ მოპუტკუნებული გოგო ვარ, არაფრით გამორჩეული უნარ-ჩვევებით.

ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს თუ ჩემი საქმე ზუსტად ვერ ვარჩევ, მაგრამ ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს მაგიტომაც მიყვარს ალბათ ჩემი საქმე და პირიქით.

იყო გიდი დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად ძალიან დიდი სიამოვნებაა. ‘’ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ’’ - ისეთი სიამაყით ვამბობ, ზუსტად ვიცი, მაგ დროს მთებს დავძრავ რომ ყველაზე კეთილი ემოციებით გავუშვა უკან, თავიანთ ქვეყნებში ჩემი ვიზიტორები.

ძალიან რთულია გულანთებული ემსახურო შენს ქვეყანას და დარჩე მოსიყვარულე დედად ორი პატარა ბავშვისთვის, თვალებით რომ მუდამ გეძებენ და დედის ნუგეში ყოველთვის სჭირდებათ.

იღლები, შენს ხმას ვეღარ სცნობ, ვერც დასიებულ ფეხებს დაათრევ ხოლმე, ზაფხულში გცხელა, ზამთარში გცივა, წვიმისას ვერცერთი საწვიმარი გშველის, თოვა გიხარია, მაგრამ მაინც ერთი სული გაქვს სადმე შეაფარო გაყინული ხელ-ფეხი და ამავე დროს ყველაზე ძლიერად დგახარ! გიდი ხარ! შენი ქვეყნის ელჩი!

არ გცივა,

არ გშია,

არ გწყურია!

მაგრამ როგორც კი მადლიერ და მომღიმარ თვალებს გადააწყდები, მაშინვე ყველა უჟმური ემოცია ბედნიერებით იცვლება.

⁃ საქართველოს გაუმარ-ჯოს,ჯოს, ჯოს!, _ ხმის ჩახლეჩვამდე ღრიალებ შენს სტუმრებთან ერთად, რომელიმე რესტორანში და ბედნიერების ყიჟინას “მრავალჟამიერის” მრავალხმიანობა შთანთქავს ან განდაგანას მხიარული რხევები.

და როცა ისევ ზამთარი მოდის, ზაფხულით დაღლილი მშვიდი ცურვით ელოდები ისევ გამოზაფხულებას.



42 views0 comments

Comments


bottom of page